ფეხბურთი | „პარი სენ-ჟერმენი“ უსმან დემბელეს განახლებული პირობების შემცველ კონტრაქტს სთავაზობს #1TVSPORT
ფეხბურთი | „პარი სენ-ჟერმენი“ უსმან დემბელეს განახლებული პირობების შემცველ კონტრაქტს სთავაზობს #1TVSPORT

„პარი სენ-ჟერმენმა“ უსმან დემბელესთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებები დაიწყო, – ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.

ცნობილია, რომ პარიზული კლუბის ხელმძღვანელობა ახალი პოლიტიკის დანერგვას გეგმავს, რაც ფიქსირებული ანაზღაურების შემცირებასა და ბონუსების გაზრდას გულისხმობს.

„ოქროს ბურთის“ გამარჯვებულისთვის, 28 წლის დემბელესთვის, რომელსაც ტრავმებისკენ მიდრეკილ ფეხბურთელად მიიჩნევენ, ასეთი პირობები შესაძლოა მისაღები არ იყოს. წყაროები არ გამორიცხავენ, რომ მოლაპარაკებები ჩიხში შევიდეს და ისეთი სცენარი განვითარდეს, როგორიც ჯანლუიჯი დონარუმას შემთხვევაში განვითარდა. საბოლოოდ, იტალიელმა კლუბი დატოვა.

დემბელეს მოქმედი კონტრაქტი პარიზულ კლუბთან 2028 წლის ზაფხულამდეა ძალაში. გასულ სეზონში ფრანგმა შემტევმა გუნდთან ერთად ყველა შესაძლო ტიტული მოიგო.

მიმდინარე სეზონში, ტრავმების გამო, დემბელემ მხოლოდ 14 მატჩი ჩაატარა.