ფეხბურთი | „პარი სენ-ჟერმენი“ „პარიზთან“ დამარცხდა და საფრანგეთის თასის გათამაშებას გამოეთიშა #1TVSPORT
საფრანგეთში თასის 1/16-ფინალში მოულოდნელობა დაფიქსირდა – ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ „პარიზთან“ დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.
„პარი სენ-ჟერმენმა“ „პარიზს“ 4 იანვარს ლიგა 1-ში 2:1 მოუგო, მაგრამ თასზე ვეღარ სძლია – 0:1. ქართველი თავდამსხმელი მასპინძელთა შორის ყველაზე მწვავედ უტევდა, რამდენიმე რეალური საგოლე მომენტი შექმნა, მაგრამ თანაგუნდელებმა შანსებით ვერ ისარგებლეს – 64-ე წუთზე ლუის ენრიკემ კვარაცხელია შეცვალა.
„პარიზი“ თავს კარგად იცავდა და მწვავე კონტრშეტევებს ახორციელებდა, რომელთაგან ერთ-ერთი 74-ე წუთზე ნანიტამო იკონემ დააგვირგვინა და საბოლოოდ გუნდს გამარჯვება მოუტანა.
საფრანგეთის თასის გათამაშებას ასევე გამოეთიშა გიორგი წიტაიშვილისა და გიორგი აბუაშვილის „მეცი“, რომელიც ლიგა 2-ის წარმომადგენელ „მონპელიესთან“ დიდი ანგარიშით, 0:4 დამარცხდა. ქართველებიდან წიტაიშვილმა სრულად ითამაშა, აბუაშვილი სათადარიგო იყო.