ფეხბურთი | ოთარ კიტეიშვილმა საგოლე გადაცემა შეასრულა - „შტურმმა“ „ზალცბურგთან“ ფრედ ითამაშა #1TVSPORT
ავსტრიის ბუნდესლიგაში ლიდერების მატჩი გაიმართა – გრაცის „შტურმმა“ „ზალცბურგს“ უმასპინძლა და ფრედ, 1:1 ითამაშა.
საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ოთარ კიტეიშვილი გრაცელთა ძირითად შემადგენლობაში იყო.
მეორე ტაიმის დაწყებისთანავე კიტეიშვილის საგოლე გადაცემით გრგიჩმა „შტურმი“ წინ გაიყვანა, მაგრამ გრაცელებმა უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს და უშუალო კონკურენტთან მატჩში ქულები დაკარგეს.
კიტეიშვილი 82-ე წუთზე შეცვალეს, მისი თამაში 7.7 ქულით შეაფასეს. მიმდინარე სეზონში ქართველი ნახევარმცველის ანგარიშზე ექვსი გოლი და ორი საგოლე გადაცემაა.
საფრანგეთის ლიგა 1-ში „მეცმა“ საკუთარ მოედანზე „ნიცა“ მიიღო და ბოლო წუთზე გატანილი ბურთით 2:1 დაამარცხა.
„მეცის“ ძირითად შემადგენლობაში ქართველებიდან მხოლოდ გიორგი წიტაიშვილი იყო, შეუცვლელად ითამაშა და 6.6 დაიმსახურა, გიორგი აბუაშვილი მწვრთნელმა სათადარიგოთა შორის დატოვა.
ამ მოგების შემდეგ „მეცი“ მე-14 ადგილზე გადავიდა და აუტსაიდერთა ზონას თავი დააღწია.