ფეხბურთი | ოფიციალურად - კაზემირო სეზონის დასრულების შემდეგ „მანჩესტერ იუნაიტედს“ დატოვებს #1TVSPORT
ბრაზილიელი ნახევარმცველი კარლოს ენრიკე კაზემირო სეზონის დასრულების შემდეგ „მანჩესტერ იუნაიტედს“ დატოვებს, – ინფორმაცია კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა.
კაზემიროს კონტრაქტი ინგლისური ფეხბურთის გრანდთან ივნისში იწურება და მხარეები ახალ ხელშეკრულებას აღარ გააფორმებენ.
ბრაზილიელი ფეხბურთელი „მანჩესტერ იუნაიტედის“ წევრი 2022 წლის ზაფხულში გახდა, მას შემდეგ, ოთხი სეზონის მანძილზე გუნდის მაისურით 146 მატჩი ჩაატარა და 21 გოლი გაიტანა.
33 წლის კაზემირომ მანჩესტერული გუნდის რიგებში ორი ტიტული მოიგო – 2023 წელს ინგლისის ლიგის თასი, ხოლო 2024 წელს – ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის თასი.