ფეხბურთი | ნეიმარისთვის ტრავმის გამო სეზონი დასრულდა, მისი თამაში მსოფლიო ჩემპიონატზეც საეჭვოა #1TVSPORT
მუხლის ტრავმის გამო „სანტოსის“ ფეხბურთელი ნეიმარი მოედანზე გასვლას ბრაზილიის ჩემპიონატში სეზონის ბოლომდე ვეღარ შეძლებს, – ინფორმაციას გამოცემა Globo ავრცელებს.
წყაროს ცნობით, 33 წლის ფეხბურთელმა დისკომფორტი „მირასოლის“ წინააღმდეგ გამართული შეხვედრის შემდეგ იგრძნო, რის გამოც მომდევნო ტურში „ინტერნასიონალთან“ მატჩი გამოტოვა.
ნეიმარმა ჩაიტარა სამედიცინო შემოწმება, თუმცა მისი რეაბილიტაციის ვადები ჯერჯერობით უცნობია. „სანტოსს“ მიმდინარე სეზონში კიდევ სამი შეხვედრა აქვს დარჩენილი, რომლებიც მომდევნო ორ კვირაში გაიმართება. სწორედ ამ მატჩებში გადაწყდება, შეინარჩუნებს თუ არა გუნდი უმაღლეს ლიგაში ადგილს. ამ ეტაპზე „სანტოსი“ 38 ქულით მე-17 პოზიციაზეა და ერთი ქულით ჩამორჩება „ვიტორიას“, რომელიც უსაფრთხო ზონაშია.
ბრაზილიელ ვარსკვლავს ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი მუნდიალზე წამსვლელთა სიაში მოიაზრებს, თუმცა მსოფლიო ჩემპიონატამდე ბრაზილია მხოლოდ ორ მატჩს ჩაატარებს და საეჭვოა, იქნება თუ არა ის მზად აღნიშნული შეხვედრებისთვის. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, აღნიშნული ტრავმა მსოფლიო პირველობაზე მისი გამგზავრების შანსებს ამცირებს.
ნეიმარი 79 გოლით ბრაზილიის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია, ის ბოლო წლებში გუნდის ლიდერი იყო.