ფეხბურთი | ნეიმარი არ გამორიცხავს, კარიერა მიმდინარე წლის ბოლოს დაასრულოს #1TVSPORT
ფეხბურთი | ნეიმარი არ გამორიცხავს, კარიერა მიმდინარე წლის ბოლოს დაასრულოს #1TVSPORT

„სანტოსის“ ბრაზილიელი ვარსკვლავი ნეიმარი არ გამორიცხავს, რომ კარიერა მიმდინარე წლის ბოლოს დაასრულოს, – ამის შესახებ მან ბრაზილიურ მედიასთან ისაუბრა.

„არ ვიცი, რას მიმზადებს მომავალი. შესაძლოა, დეკემბერში კარიერის დასრულება გადავწყვიტო. ეს წელი ძალიან მნიშვნელოვანია „სანტოსისთვის“, ისევე როგორც ბრაზილიისთვის, მსოფლიო ჩემპიონატის გამო. ჩემთვისაც დიდი მნიშვნელობის მქონე პერიოდია – ეს სერიოზული გამოწვევაა.

ამ სეზონში ჩემი მიზანი ფიზიკური ფორმის სრულად აღდგენა იყო, რის გამოც რამდენიმე მატჩი გამოვტოვე. ვიცი, ბევრი ლაპარაკობს და ვერ იგებს, რა ხდება ყოველდღიურად, მაგრამ ეს გადაწყვეტილება გააზრებული იყო. „სანტოსმა“ სპეციალური გეგმა შეიმუშავა. ბუნებრივია, მინდოდა, მოედანზე გასვლა და გუნდის დახმარება, თუმცა დასვენება ვარჩიე, რათა ტკივილისა და შიშის გარეშე საუკეთესო ფორმაში დავბრუნებულიყავი.

რეაბილიტაცია წარმატებით დავასრულე და მიხარია, რომ უკეთ ვარ. ახლა მთავარი სათამაშო რიტმის აღდგენაა და დარწმუნებული ვარ, შრომით საუკეთესო ფორმაში შევალ“, – განაცხადა ნეიმარმა.