ფეხბურთი | „მეცის“ გულშემატკივრებმა გიორგი წიტაიშვილი დეკემბრის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს #1TVSPORT
გიორგი წიტაიშვილი „მეცის“ დეკემბრის საუკეთესო ფეხბურთელია – ქართველ შემტევ ნახევარმცველზე ინფორმაციას კლუბის ვებგვერდი ავრცელებს.
ქართველი ლეგიონერი თვის საუკეთესო მოთამაშედ გულშემატკივართა გამოკითხვის შედეგად დაასახელეს – წიტაიშვილმა ჯესი დემენჟს, გოტიე აინს და ჯონათან ფიშერს გაუსწრო.
წიტაიშვილი „მეცში“ ზაფხულში გადავიდა, მაგრამ გუნდთან ადაპტაციისთვის დრო დასჭირდა და მერე გუნდის ერთ-ერთი შეუცვლელი მოთამაშე გახდა, დეკემბერში კი „პარი სენ-ჟერმენის“ კარში გატანილი ბურთით გულშემატკივრების გულები მოიგო.
გიორგი წიტაიშვილმა საფრანგეთის ლიგა 1-ში „მეცის“ ფორმით 16 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა მიითვალა. გავრცელებული ინფორმაციით, „ჯვაროსნების“ მოთამაშის შეძენით „ლიონი“, „ლილი“, „ლაციო“, „ვილიარეალი“, „ნაპოლი“ და „ჰოფენჰაიმი“ დაინტერესდნენ.