ფეხბურთი | „მანჩესტერ სიტი“ ხოსეპ გვარდიოლას შემცვლელად ენცო მარესკას განიხილავს #1TVSPORT
„ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელმა, ენცო მარესკამ, შესაძლოა, „მანჩესტერ სიტიში“ ხოსეპ გვარდიოლა შეცვალოს, – ინფორმაციას ავტორიტეტული გამოცემა The Athletic-ი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, 45 წლის იტალიელი სპეციალისტი „მანჩესტერ სიტის“ ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად მოიაზრება იმ შემთხვევაში, თუ გუარდიოლა გუნდს 2026 წლის ზაფხულში დატოვებს. დიდია ალბათობა, აღნიშნული სეზონი ესპანელისთვის ბოლო აღმოჩნდეს მანჩესტერული გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე. მისი საბოლოო გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, სეზონში ნაჩვენებ შედეგებზე იქნება დამოკიდებული.
მარესკა, რომელსაც წარსულში „მანჩესტერ სიტის“ აკადემიასა და გვარდიოლას სამწვრთნელო შტაბში უმუშავია, კლუბის ხელმძღვანელობაში მაღალი ავტორიტეტით სარგებლობს.
გვარდიოლას მოქმედი კონტრაქტი „სიტისთან“ 2027 წლის ზაფხულამდეა ძალაში, ხოლო მარესკას ხელშეკრულება „ჩელსისთან“ 2029 წლამდე მოქმედებს.
იტალიელმა „ჩელსი“ 2024 წლის ზაფხულში ჩაიბარა, მან გუნდს კონფერენს ლიგა და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი მოაგებინა.