ფეხბურთი | მაიკლ კერიკი ახლოს არის, „მანჩესტერ იუნაიტედის“ დროებითი მთავარი მწვრთნელი გახდეს #1TVSPORT
ფეხბურთი | მაიკლ კერიკი ახლოს არის, „მანჩესტერ იუნაიტედის“ დროებითი მთავარი მწვრთნელი გახდეს #1TVSPORT

სეზონის დასრულებამდე „მანჩესტერ იუნაიტედის“ დროებითი მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნის მთავარი კანდიდატი მაიკლ კერიკია, – ინფორმაციას ავტორიტეტული გამოცემა „ატლეტიკი“ ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, კერიკი ფავორიტი მას შემდეგ გახდა, რაც მან და ოლე გუნარ სულშერმა კლუბის ხელმძღვანელობასთან ინდივიდუალური შეხვედრები გამართეს.

დარენ ფლეტჩერმა, რომელმაც რუბენ ამორიმის გათავისუფლების შემდეგ გუნდი ორი შეხვედრის განმავლობაში დროებით ჩაიბარა, შესაძლოა, კერიკის სამწვრთნელო შტაბში ასისტენტის პოზიციაზე გადაინაცვლოს. გავრცელებული ცნობებით, კლუბი კიდევ ერთი სპეციალისტის დამატებასაც განიხილავს.

„მანჩესტერ იუნაიტედში“ საბოლოო გადაწყვეტილება ამ ეტაპზე მიღებული არ არის, თუმცა ოფიციალურ განცხადებას უახლოეს 48 საათში ელიან.

დროებითი მწვრთნელის შერჩევის პროცესს სპორტული დირექტორი ჯეისონ უილკოქსი და აღმასრულებელი დირექტორი ომარ ბერადა ხელმძღვანელობდნენ. სპეციალისტი გუნდს ივნისის ჩათვლით ჩაიბარებს.

44 წლის კერიკს „მანჩესტერ იუნაიტედში“ დროებითი მთავარი მწვრთნელის გამოცდილება უკვე აქვს – მან ეს როლი 2021 წელს შეასრულა და გუნდს სამი მატჩის განმახლობაში წვრთნიდა.

ფეხბურთელის რანგში „იუნაიტედის“ შემადგენლობაში მან 12 სეზონი ითამაშა (2006-2018). ის ბოლოს საფეხბურთო კლუბ „მიდლსბროს“ ავარჯიშებდა, პოსტი კი გასული სეზონის დასრულებისთანავე დატოვა.