ფეხბურთი | მადრიდის „რეალის“ ექიმებმა კილიან მბაპეს გამოკვლევა შეცდომით დაუზიანებელ მუხლზე ჩაუტარეს #1TVSPORT
მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელი კილიან მბაპე გარკვეული პერიოდის განმავლობაში ტრავმით ასპარეზობდა, რაც კლუბის სამედიცინო შტაბის შეცდომას უკავშირდება, – ინფორმაციას ავტორიტეტული გამოცემა The Athletic-ი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, 7 დეკემბერს, „სელტასთან“ მატჩის შემდეგ ფრანგ ფეხბურთელს მუხლის ტკივილი დაეწყო. ამის გამო მან იანვარ-თებერვალში რამდენიმე შეხვედრა გამოტოვა, ხოლო გუშინ განაცხადა, რომ სრულად გამოჯანმრთელდა. მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ „რეალის“ ექიმებმა თავდაპირველად დაზიანებული მუხლის ნაცვლად ჯანმრთელი შეუმოწმეს.
შედეგად, მბაპემ კიდევ სამი მატჩი ითამაშა, სანამ სამედიცინო შტაბი შეცდომას აღმოაჩენდა და მკურნალობას დაზიანებულ მუხლზე დაიწყებდა. დამატებითმა გამოკვლევებმა მარცხენა მუხლის უკანა ჯვარედინი იოგის დაზიანება გამოავლინა.
ამ დროისთვის კილიან მბაპე საფრანგეთის ნაკრებთან ერთად ამხანაგური შეხვედრებისთვის ემზადება. მიმდინარე სეზონში მის ანგარიშზე 38 გოლი და 6 საგოლე გადაცემაა.