ფეხბურთი | ლუკა ხორხელმა სლოვაკეთში გაიტანა – აზაროვმა „შახტარის“ ძირითად შემადგენლობაში ითამაშა #1TVSPORT

23:06, 03.05.2026

სლოვაკეთის ნაიკ-ლიგის საჩემპიონო ჯგუფში გიორგი მოისწრაფიშვილისა და ლუკა ხორხელის ტრნავას „სპარტაკი“ ლუკა სილაგაძის „პოდბრეზოვას“ ესტუმრა და 3:0 დაამარცხა.

ქართველებიდან სილაგაძემ და ხორხელმა ითამაშეს, მოისწრაფიშვილი კი განაცხადში არ იყო. მე-60 წუთზე თავი ხორხელმა გამოიჩინა – მან სლოვაკეთის ჩემპიონატში მეექვსე გოლი გაიტანა, ამას გარდა, მის ანგარიშზე ორი საგოლე გადაცემაცაა.

„სპარტაკი“ კონფერენს ლიგის საგზურისთვის იბრძვის. მიზნის მისაღწევად დარჩენილ ორ შეხვედრაში კონკურენტებთან, „დუნაისკა სტერდასთან“ და „ჟილინასთან“ ქულები უნდა მოიპოვოს.

ირაკლი აზაროვმა კიევის „დინამოს“ წინააღმდეგ დონეცკის „შახტარის“ ძირითად შემადგენლობაში ითამაშა – უკრაინის პრემიერლიგის 26-ე ტურის შეხვედრა დონბასელებმა 2:1 მოიგეს. „ჯვაროსნების“ მცველი 76-ე წუთზე შეცვალეს.

გიორგი მაისურაძე კვლავ ჟიტომირის „პოლესიეს“ სასტარტო შემადგენობაში იყო და გუნდს ხარკოვის „მეტალისტთან“ გამარჯვებაში დაეხმარა – 1:0. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი მცველის გუნდი მესამე ადგილზეა, „შახტარს“ კი ჩემპიონის ტიტულის ოფიციალურად მოსაპოვებლად დარჩენილ ოთხ ტურში ერთი მოგება სჭირდება.

მსგავსი