ფეხბურთი | ლუკა გუგეშაშვილი საბერძნეთის ჩემპიონატის ტურის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს #1TVSPORT
სალონიკის „პაოკიდან“ „ატრომიტოსში“ გადასული ლუკა გუგეშაშვილი სადებიუტო შეხვედრის შემდეგ საბერძნეთის ჩემპიონატის ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.
საქართველოს ნაკრების მეკარე ახალ გუნდს ზამთარში იჯარით შეუერთდა. მისი პირველი მატჩი საბერძნეთის სუპერლიგის 23-ე ტურში გაიმართა – „ატრომიტოსმა“ საშინაო არენაზე „პანეტოლიკოსი“ 1:0 დაამარცხა, რაშიც ქართველმა მეკარემ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.
26 წლის გუგეშაშვილმა ოთხივე დარტყმა მოიგერია, მათ შორის პენალტიც – 77-ე წუთზე მან მეტოქის რუმინელ ლეგიონერს, ალექსანდრუ მატანს თერთმეტმეტრიანი აუღო და მატჩის ერთ-ერთი მთავარი გმირი გახდა.
ანალიტიკურმა ინტერნეტპორტალმა, Sofascore-მა გუგეშაშვილს 8.4 ქულა დაუწერა, რაც სუპერლიგის მეკარეებს შორის საუკეთესო შეფასება აღმოჩნდა.
