ფეხბურთი | ლუკა გადრანი - ამ დროს უხერხულია ნაკრებში ჩემს გამოძახებაზე ემოციების გამოხატვა #1TVSPORT
ჯერ მინდა, მივუსამძიმრო საქართველოს და მთელ საქრისტიანოს ჩვენი პატრიარქის გარდაცვალების გამო, – ასე დაიწყო საქართველოს პირველ არხთან კომენტარი იერუსალიმის „ბეითარის“ ცენტრალურმა მცველმა, ლუკა გადრანმა, რომელიც ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრებში ორწლიანი პაუზის შემდეგ, მარტის ამხანაგური მატჩებისთვის გამოიძახა.
„ამ დროს უხერხულია ემოციების გამოხატვა. ნაკრებში ჩემს მიწვევას რაც შეეხება, სასიხარულოა, რომ ქვეყნის ეროვნულ გუნდში დიდი ხნის შემდეგ დავბრუნდი, კლუბში სათამაშო პრაქტიკა მაქვს და იმედია, ჩვენს ეროვნულ გუნდს გამოვადგები.
მართალია, ომის გამო ისრაელში თამაშები აღარ ტარდება, მაგრამ ფორმის შესანარჩუნებლად სამხრეთ ისრაელში შეკრება გავიარეთ. დღეს სანდრო ალთუნაშვილის გუნდთან, ჰაიფას „ჰაპოელთან“ ამხანაგური მატჩიც გვქონდა და 2:1 მოვიგეთ. ანუ, არც შევჩერებულვარ და ტონუსში ვარ.
ისრაელის ნაკრებში, რომელსაც ჩვენ 26 მარტს თბილისში შევხვდებით, ჩემი სამი თანაგუნდელი თამაშობს. ეს ძალიან მოძრავი და ტაქტიკურად გამართული გუნდია და ვფიქრობ, მასთან თამაში საქართველოს ნაკრებს წაადგება“, – ამბობს ლუკა გადრანი.