ფეხბურთი | ლუის ენრიკე - სეზონის დასაწყისში პრობლემები გვქონდა, მაგრამ სასურველ კონდიციებს ვუბრუნდებით #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელია და „პარი სენ-ჟერმენი“ კატარში გაემგზავრნენ, სადაც ფრანგული გრანდი საკონტინენტთაშორისო თასის ფინალში ბრაზილიურ „ფლამენგოს“ დაუპირისპირდება. გადამწყვეტი მატჩის წინ პარიზული კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ პრესკონფერენცია გამართა.
„ორშაბათს გუნდურ ვარჯიშს ორი ლიდერი დემბელე და მარკინიოსი შემოგვიერთდნენ, თუმცა ჯერ უცნობია, შეძლებენ თუ არა ფინალში თამაშს. დღეს მათ მდგომარეობას დავაკვირდებით და ხვალ გადავწყვეტთ, იქნებიან თუ არა სასტარტო შემადგენლობაში.
საკონტინენტთაშორისო თასი ყველა ფეხბურთელისთვის განსაკუთრებული მოტივაციაა. გასულ სეზონში ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანი პარიზში ისტორიის შექმნა იყო, ახლა კი ამ ისტორიის გაგრძელებას ვცდილობთ. ყველა ფინალი განსაკუთრებულია, რადგან მატჩის განმავლობაში მაქსიმალური კონცენტრაციაა საჭირო.
სეზონის დასაწყისში გარკვეული სირთულეები გვქონდა, თუმცა ნელ-ნელა გუნდი სასურველ კონდიციებს უბრუნდება და იმ დამოკიდებულებას ავლენს, რაც მთელი გასული სეზონის განმავლობაში გვქონდა. რთული შეხვედრა გველის, „ფლამენგო“ ძალიან ძლიერი გუნდია, ამიტომ დაძაბულ ფინალს ველოდებით და მაქსიმალურად ყურადღებით უნდა ვიყოთ“, – განაცხადა ლუის ენრიკემ.
საკონტინენტთაშორისო თასის ფინალი „პარი სენ-ჟერმენსა“ და „ფლამენგოს“ შორის 17 დეკემბერს თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება. პარიზულ კლუბს შესაძლებლობა აქვს, 2025 წელს მეექვსე ტიტულს დაეუფლოს.