ფეხბურთი | ლუის ენრიკე მიუნხენის „ბაიერნთან“ მატჩის შესახებ - იმისთვის, რომ გავიგოთ, ვინ არის ევროპის საუკეთესო გუნდი, სეზონის დასრულებას უნდა დაველოდოთ #1TVSPORT
ფრანგული „პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ძირითადი ეტაპის მეოთხე ტურის მატჩის შესახებ ისაუბრა, რომელსაც ტურნირის მოქმედი ჩემპიონი პსჟ ამჟამად კონტინენტის ერთ-ერთ გამორჩეულ გუნდთან, მიუნხენის „ბაიერნთან“ ჩაატარებს.
„იმისთვის, რომ გავიგოთ, ვინ არის ევროპის საუკეთესო გუნდი, სეზონის დასრულებას უნდა დაველოდოთ. „ბაიერნი“ ძალიან ძლიერია და ყოველთვის ასეთი იყო. მათ მიმდინარე სეზონში 15-დან 15 მატჩი მოიგეს, რაც ამას ამტკიცებს.
ვიცით, რამდენად რთული შეხვედრა გველის, მაგრამ მზად ვართ. აღნიშნულ მატჩში გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩემპიონთა ლიგაზე რთული კალენდარი გვაქვს, თითოეულ თამაშს დიდი ფასი აქვს.
რა თქმა უნდა, უსმან დემბელე „ბაიერნის“ წინააღმდეგ ითამაშებს. მან ტრავმის შემდეგ ბოლო ორი კვირის განმავლობაში ყველა ვარჯიშში მიიღო მონაწილეობა და ნამდვილად ძალიან კარგ ფორმაშია, თუმცა არ ვიცი, რამდენ წუთს გაატარებს მოედანზე“, – განაცხადა ლუის ენრიკემ.
„პარი სენ-ჟერმენისა“ და „ბაიერნის“ შეხვედრა 4 ნოემბერს, თბილისის დროით 23:59 საათზე დაიწყება. ორივე გუნდს სამი ტურის შემდეგ სამი გამარჯვება აქვს.