ფეხბურთი | ლუის ენრიკე - მეტოქეები პატივს გვცემენ, რადგან კარგად იციან ჩვენი სათამაშო ფილოსოფია #1TVSPORT
„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ ლონდონის „ჩელსისთან“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის მეორე შეხვედრა შეაფასა, რომელშიც ფრანგულმა გუნდმა 3:0 გაიმარჯვა და შემდეგ ეტაპზე გავიდა.
„ფეხბურთში იდეალური არაფერია, თუმცა ხაზგასასმელია, რომ პარიზში გამართული შეხვედრის საწყისი 80 წუთი საკმაოდ მძიმე გამოდგა. პირველ თამაშში 5:2 გამარჯვების შემდეგ, მოწოდების სიმაღლეზე დავრჩით. განმეორებითი მატჩი ოდნავ სხვა სცენარით წარიმართა – კონტრშეტევებზე ხარისხიანად ვითამაშეთ და ორი ისეთი გოლი გავიტანეთ, რამაც შეხვედრის ბედი საბოლოოდ გადაწყვიტა.
მსგავსი დაპირისპირების გაკონტროლება იოლი არაა, რადგან „ჩელსი“ ანგარიშგასაწევი მეტოქეა და მათ სწრაფი გოლის გატანა სურდათ. ასეთ ვითარებაში ბურთის შენარჩუნება რთულდება, მაგრამ ჩვენი ამოცანა სწორედ ბურთის კონტროლსა და სწრაფ იერიშებს შორის იდეალური ბალანსის პოვნა იყო. გვსურდა, რომ თავი ბურთის ფლობის ხარჯზე დაგვეცვა. საბოლოოდ, მაღალ დონეზე ვიასპარეზეთ და ლოგიკურადაც გავიმარჯვეთ.
ყველა, მით უმეტეს ჩემპიონთა ლიგის მონაწილეები, პატივს გვცემს, რადგან კარგად იციან ჩვენი სათამაშო ფილოსოფია. ამ დაფასების შეგრძნება ძალიან სასიამოვნოა და მეოთხედფინალურ ეტაპს დიდი ინტერესით ველოდებით“, – განაცხადა ენრიკემ.