ფეხბურთი | ლუის ენრიკე - ჩვენ კარგად გვესმის „მარსელთან“ ფინალური მატჩის მნიშვნელობა #1TVSPORT
„მარსელთან“ საფრანგეთის სუპერთასის მატჩის შესახებ ჟურნალისტების კითხვებს „პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ უპასუხა.
„ჩვენთვის ტიტულებისთვის ბრძოლა დამატებითი მოტივაციაა. კარგად გვესმის „მარსელთან“ ფინალური მატჩის მნიშვნელობა. გუნდი მოტივირებულია. მათთან ამ სეზონში დავმარცხდით, თუმცა როდესაც „მარსელს“ ეთამაშები ფინალში, რევანშზე საუბარი ზედმეტია – ეს სრულიად განსხვავებული ტურნირია და აქ მთავარი ემოციების კონტროლია, კონცენტრაცია.
სათამაშო სქემა სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული – მეტოქეზე, ფეხბურთელების ფიზიკურ მდგომარეობასა და სათამაშო დროზე. გადაწყვეტილების მიღებისას ყველაფერი უნდა გაითვალისწინო, თუმცა ერთი ფაქტი უცვლელია – ეს ფინალია. საშობაო შესვენების შემდეგ გუნდმა ძალები აღიდგინა და ახლა უკვე შეგვიძლია, ნამდვილი „პარი სენ-ჟერმენი“ ვიხილოთ.
რობერტო დე ძერბის („მარსელის“ მწვრთნელი) თავისი ფილოსოფია აქვს და ეს მომწონს. ჩვენი მიზანი ბურთის გაკონტროლება, მაღალი პრესინგის თამაში და ბურთის მალე დაბრუნება იქნება. მთავარია, მოედანზე ყოფნისას სიამოვნება მივიღოთ – ეს წარმატებისკენ მიმავალ გზაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია“, – განაცხადა ენრიკემ.
მოახლოებული მატჩის შესახებ ასევე ისაუბრა პარიზული გუნდის კაპიტანმა, მარკინიოსმა:

„ყველაზე ცუდი წაგებაა, ფეხბურთის საუკეთესო ნაწილი კი ტიტულების მოპოვებაა. სუპერფინალში გამოგვიცდია როგორც გამარჯვება, ისე მარცხი. ვიცით, როგორ მოვემზადოთ და როგორ ვიმოქმედოთ მოედანზე. ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ეს ტიტული დავიბრუნოთ“.
საფრანგეთის სუპერთასის მატჩი „პარი სენ-ჟერმენსა“ და „მარსელს“ შორის 8 იანვრს ქუვეითში ჩატარდება. შეხვედრა თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.