ფეხბურთი | ლოჩოშვილის „ნიურნბერგი“ გერმანიის ყველაზე ტრადიციულ დერბიში „ფიურტს“ დაუზავდა, გულიაშვილი და „რასინგი“ ესპანეთის ლა ლიგას უახლოვდებიან #1TVSPORT
ლუკა ლოჩოშვილის „ნიურნბერგი“ გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში „გროიტერ ფიურტს“ ესტუმრა – პრინციპული შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა.
საქართველოს ნაკრების მცველმა შეუცვლელად ითამაშა. „ნიურნბერგისთვის“ შეხვედრას დიდი მნიშვნელობა აღარ ჰქონდა, რადგან გუნდმა მეორე ბუნდესლიგაში ადგილი შეინარჩუნა,„ფიურტი“ კი ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის და მისთვის ნებისმიერი ქულა გადამწყვეტია.
ეს რიგით 276-ე „ფრანკენ-დერბი“ იყო – გერმანიის ყველაზე ტრადიციული და უძველესი დერბი, რომელიც პირველად 1902 წელს გაიმართა – მას შემდეგ გერმანულ პროფესიულ ფეხბურთში არცერთი დერბი არ ჩატარებულა ისე ხშირად, როგორც „ფრანკენ-დერბი“.
32 ტურის შემდეგ „ნიურნბერგი“ 42 ქულით მე-9 პოზიციაზეა.

ესპანეთის ლა ლიგა 2-ში გიორგი გულიაშვილის სანტანდერის „რასინგმა“ ერთ-ერთ აუტსაიდერი – „უესკა“ 4:2 დაამარცხა და ლა ლიგისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა.
საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი სანტანდერელთა ძირითად შემადგენლობაში იყო და 71 წუთი ითამაშა. „უესკა“ მე-5 წუთზე დაწინაურდა, მაგრამ „რასინგმა“ შესვენების შემდეგ ვილალიბრეს (47), მანტილიას (54), მარტინის (66) და ხაიმე მატას (90+11) გოლებით უპირატესობა მოიპოვა და გაიმარჯვა.
38 ტურის შემდეგ „რასინგი“ 72 ქულით კვლავ პირველ ადგილზეა და სეზონის დასრულებამდე 4 ტურით ადრე „დეპორტივოსა“ (68) და „ალმერიასთან“ (67) სხვაობა შეინარჩუნა.