ფეხბურთი | ლოჩოშვილი „შალკესთან“ საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს, კაშიამ „სლოვანში“ ითამაშა #1TVSPORT
ლუკა ლოჩოშვილმა შესანიშნავი თამაში ჩაატარა „ნიურნბერგში“, რომელმაც გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში „შალკეს“ უმასპინძლა და დამაჯერებლად სძლია – 3:0.
საქართველოს ნაკრების მცველი მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყო, საიმედოდ მოქმედებდა, საბოლოოდ კი ორივე გუნდში ყველაზე მაღალი შეფასება (8,4 ქულა) მიიღო და მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.
სეზონის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე „ნიურნბერგი“ 45 ქულით სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილზეა და მომავალ სეზონსაც მეორე ბუნდესლიგაში გაატარებს.

სლოვაკეთის ჩემპიონატში გურამ კაშიამ ბრატისლავის „სლოვანი“ კაპიტნის სამკლავურით გაიყვანა „პოდბრეზოვასთნ“ მატჩში, რომელიც „სლოვანმა“ 2:1 მოიგო. „სლოვანმა“ ჩემპიონობა რამდენიმე ტურით ადრე გაინაღდა და მათთვის ამ შეხვედრას ფორმალური ხასიათი ჰქონდა.
ევროსაგზურისთვის მებრძოლი ცოტნე კაპანაძისა და გიორგი გაგუას „დუნაისკა სტრედა“ სტუმრად თორნიკე ძოწენიძის „მიხალოვცესთან“ 1:2 დამარცხდა. კაპანაძემ დისკვალიფიკაციის გამო შეხვედრა გამოტოვა, გაგუა მოედანზე (მე-60 წუთზე) შეცვლაზე შევიდა, „მიხალოვცეში“ ძოწენიძემ 90 წუთი ჩაატარა და 8.7 ქულით მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.