ფეხბურთი | „ლივერპულის“ მწვრთნელი არნე სლოტი - ალისონი ვერც ამ და ვერც მომავალ კვირაში დაგვეხმარება #1TVSPORT
„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა, ნიდერლანდელმა არნე სლოტმა გუნდის ბრაზილიელი მეკარის, ალისონ ბეკერის ტრავმის შესახებ ისაუბრა.
სლოტის თქმით, კვლევამ კვლავ უარყოფითი შედეგი აჩვენა და ალისონი კვირას „მანჩესტერ იუნაიტედთან“ გასამართ მატჩს გამოტოვებს. ის ასევე ვერ ითამაშებს მომდევნო კვირის შეხვედრაშიც.
„ალისონ ბეკერი გუნდთან ერთად არ ვარჯიშობს. ძალიან რთულია იმის თქმა, როდის დაბრუნდება მოედანზე. ის ვერც ამ და ვერც მომავალ კვირაში ვერ ითამაშებს“, – განაცხადა სლოტმა.
ალისონის არყოფნაში „ლივერპულის“ კარს გიორგი მამარდაშვილი იცავს. მან ბრაზილიელი 30 სექტემბერს „გალათასარაისთან“ ჩემპიონთა ლიგის მატჩის მეორე ტაიმში შეცვალა, შემდეგ კი ლონდონის „ჩელსისთან“ ინგლისის პრემიერლიგაში ითამაშა.
ქართველი მეკარე, სლოტის განცხადებიდან გამომდინარე, ინგლისური გრანდის კარს, სავარაუდოდ, 19 ოქტომბერს „მანჩესტერ იუნაიტედთან“ მატჩშიც დაიცავს, ასევე მონაწილეობას მიიღებს 22 ოქტომბერს ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში ფრანკფურტის „აინტრახტთან“ და 25 ოქტომბერს ინგლისის პრემიერლიგაში „ბრენტფორდთან“.
გიორგი მამარდაშვილი „ლივერპულმა“ 2024 წლის აგვისტოში 35 მილიონ ევროდ „ვალენსიიდან“ შეიძინა. ერთი სეზონი ქართველმა ამავე გუნდში იჯარის წესით გაატარა და ინგლისურ კლუბს მიმდინარე სეზონის დასაწყისში შეუერთდა.