ფეხბურთი | ლიეტუვისა და საქართველოს ეროვნული ნაკრებების მატჩი პირველ არხზე #1TVSPORT

09:00, 29.03.2026

საქართველოს ეროვნული ნაკრები მარტის სანაკრებო პაუზას ლიეტუვის საფეხბურთო ნაკრებთან ამხანაგური მატჩით დაასრულებს. შეხვედრა 29 მარტს, 17:00 საათზე „დარიაუს ირ გირენოს“ სტადიონზე გაიმართება – პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

ლიეტუვის შეწყვეტილი სერია

ედგარას იანკაუსკასის გაწვრთნილი ლიეტუვა ზედიზედ მეორე თამაშის მოგებას შეეცდება – ბალტიისპირელებმა 26 მარტს სტუმრად მოლდოვას 2:0 სძლიეს და 17-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტეს. მათ ბოლოს 2024 წელს ლატვია დაამარცხეს და ბალტიის თასი მოიგეს, მას შემდეგ 17 მატჩიდან 13 წააგეს და 4 ფრედ დაასრულეს.

იანკაუსკასის ნაკრებში ორი ახალწვეულია – „სუდუვის“ მარცხენა მცველი ჟიგიმანტას ბალტრუნასი და „ვილნიუს ნაითსის“ თავდამსხმელი მეინარდას მიკულენასი. ორივეს ლიეტუვის ასაკობრივ ნაკრებებში თამაშის გამოცდილება აქვს, ამჯერად კი ეროვნულ გუნდში მიიწვიეს.

ნავსი საქართველოს ნაკრებმაც უნდა გატეხოს

საქართველოს ნაკრებს ლიეტუველების მსგავსი წარუმატებელი სერია არ აქვს, მაგრამ ნავსი „ჯვაროსნებმაც“ უნდა გატეხონ – მეხუთე მატჩია, ვილი სანიოლის გაწვრთნილ გუნდს თამაში არ მოუგია (4 წაგება, 1 ფრე). დაცვის ხაზში რამდენიმე წამყვანი მოთამაშის არყოფნას შემოდგომაზე გიორგი ჩაკვეტაძის, ოთარ კაკაბაძის, ბუდუ ზივზივაძის ტრავმები, ასევე გიორგი ქოჩორაშვილისა და ლაშა დვალის უთამაშებლობაც დაემატა, შესაბამისად, შედეგი გასაკვირი არ უნდა იყოს.

საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის ახალი გათამაშებისთვის ემზადება და ვილი სანიოლი პრობლემურ პოზიციებზე ახალ მოთამაშეებს ცდის. ხარვეზები ისრაელთან ბოლო ამხანაგურ მატჩშიც (2:2) გამოჩნდა. ფრანგი სპეციალისტი აცნობიერებს, რომ დაცვის  ხაზის გაძლიერება აუცილებელია.

აღსანიშნავია, რომ წარმატების შემთხვევაში ეს „ჯვაროსნების“ ისტორიაში საიუბილეო, მე-100 მოგება იქნება. თუმცა დანაკლისის გარეშე ეს მატჩიც არ ჩაივლის – გუნდს ტრავმირებული ოთარ კიტეიშვილი და საბა გოგლიჩიძე ვერ დაეხმარებიან.

მსგავსი