ფეხბურთი | ლანჩხუთის „გურიას“ გოჩა ტყებუჩავა გაწვრთნის, სპორტული დირექტორად ანდრო ნემსაძე იმუშავებს #1TVSPORT

13:30, 06.01.2026

ლანჩხუთის „გურიის“ მთავარი მწვრთნელი გუნდის ყოფილი მოთამაშე გოჩა ტყებუჩავა იქნება, ხოლო სპორტულ დირექტორად ანდრო ნემსაძე დაინიშნა.

გასული საუკუნის 80-იანი წლების ერთ-ერთი საუკეთესო ქართული გუნდი დიდი ხანი ფინანსურ კრიზისში იყო, მაგრამ „გურიაში“ მერაბ ჟორდანიას დაბრუნებამ (კლუბის დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელობს) ლანჩხუთში ვითარება შეცვალა.

2025 წელს „გურია“ მესამე ლიგაში გადავიდა. წელს გუნდის მიზანი ეროვნულ ლიგა 2-ში გადასვლაა, შემდეგ კი – ეროვნულ ლიგაში ადგილის მოპოვება. გუნდმა რამდენიმე ტრანსფერი განახორციელა – ახალი სეზონიდან „გურიაში“ გამოცდილი ფეხბურთელები – დათა სიჭინავა, თორნიკე კაპანაძე, კახა კახაბრიშვილი, ნოდარ იაშვილი, დავით მაისაშვილი და ნიკა ნოზაძე ითამაშებენ.

გუნდის მთავარ მწვრთნელად გოჩა ტყებუჩავა დაინიშნა, რომელიც „გურიის“ ყოფილი ფეხბურთელია. იგი იყო საქართველოს 17, 19 და 21-წლამდელთა ნაკრებების მთავარი მწვრთნელი, ასევე წვრთნიდა თბილისის „დინამოს“, ზუგდიდის „ბაიას“, თურქეთსა და უზბეკეთში კი შოთა არველაძის ასისტენტად მუშაობდა.

„გურიის“ სპორტული დირექტორი ანდრო ნემსაძე იქნება. მან 2017 წლიდან საქართველოს ჩემპიონატში რამდენიმე გუნდში ითამაშა, იყო საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების წევრი (3 მატჩი), 28 წლის ასაკში კი საფეხბურთო კარიერის დასრულება გადაწყვიტა.

მსგავსი