ფეხბურთი | კვიპროსული მედია – გიორგი ქვილითაია „არისს“ ტოვებს #1TVSPORT

11:15, 24.01.2026

ლიმასოლის „არისი“ გიორგი ქვილითაიასთან კონტრაქტს აღარ გაახანგრძლივებს – ინფორმაციას კვიპროსული მედია ავრცელებს.

„გიორგი ქვილითაიას „არისის“ ხელმძღვანელობამ აცნობა, რომ, მიუხედავად მიმდინარე სეზონში შედეგიანი თამაშისა (21 მატჩში 8 გოლი და 5 საგოლე გადაცემა), ახალი გუნდი უნდა მოძებნოს. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი „არისში“ 2024 წელს გადავიდა, ამ ხნის განმავლობაში 46 მატჩი ჩაატარა, 16 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ქვილითაიას შეძენა კვიპროსის რამდენიმე კლუბს სურს (მათ შორის, აპოელ-იც სახელდება), ასევე არის ინტერესი სხვა უცხოური კლუბებიდანაც, თუმცა ჯერ ოფიციალური შეთავაზება არ გაკეთებულა. აღსანიშნავია, რომ ქვილითაიამ ბოლო მატჩები მწვრთნელ არტიომ რაჟკოვის ერთპიროვნული გადაწყვეტილებით გამოტოვა“, – წერს გამოცემა sport-fm.

„გიორგი ქვილითაიას გარშემო განვითარებული მოვლენები, სავარაუდოდ, ცხარე დებატებს გამოიწვევს. „არისის“ ხელმძღვანელობამ აცნობა ქართველ თავდამსხმელს, რომ ის გუნდის გეგმებში აღარ შედის. ეს მოვლენა მოულოდნელი იყო, რადგან არავინ ელოდა, რომ ქვილითაია ლიმასოლის გუნდს დატოვებდა. უახლოეს ხანში გამოჩნდება, გააგრძელებს თუ არა ქვილითაია კარიერას „არისში“, რადგან მას კონტრაქტი 2027 წლამდე აქვს, თუ შეძლებს ახალ კლუბში გადასვლას“, – ეს უკვე გამოცემა sigmalive-ს ინფორმაციაა.

მსგავსი