ფეხბურთი | კვარაცხელიამ და მამარდაშვილმა ჩემპიონთა ლიგაში „პარი სენ-ჟერმენისა“ და „ლივერპულის“ მატჩზე ისაუბრეს - რთულია, როდესაც შენს უახლოეს მეგობარს ეთამაშები #1TVSPORT
საქართველოს ნაკრების ლიდერებმა, ხვიჩა კვარაცხელიამ და გიორგი მამარდაშვილმა ჩემპიონთა ლიგაში „პარი სენ-ჟერმენისა“ და „ლივერპულის“ მოახლოებულ მატჩზე ისაუბრეს – 8 აპრილს ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის მეოთხედფინალში ხვიჩა კვარაცხელიას „პსჟ“ გიორგი მამარდაშვილის „ლივერპულს“ პარიზში უმასპინძლებს, ხოლო 14 აპრილს საპასუხო მატჩი ინგლისში გაიმართება.
ხვიჩა კვარაცხელია: „ჩემპიონთა ლიგაზე გიორგი მამარდაშვილის წინააღმდეგ თამაშს რაც შეეხება – გიორგი ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარი და მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა, ეს ჩემთვის მოტივაციაცაა. რთულია, როდესაც უახლოესი მეგობრის წინააღმდეგ გიწევს თამაში, მაგრამ ფეხბურთია და მოედანზე იმიტომ გავდივართ, რომ ჩვენი გუნდების წარმატებისთვის ვიბრძოლოთ. ვნახოთ, ეს შეხვედრები რომლისთვის უფრო სასიკეთოდ დასრულდება“.
გიორგი მამარდაშვილი: „ყველამ ვიცით, ხვიჩა კვარაცხელია როგორი ფეხბურთელიც არის. ჩემპიონთა ლიგაში შემდეგ თამაშში ჩვენი გუნდები ერთმანეთს ხვდებიან. სიმართლე გითხრათ, მასთან ერთად გუნდში თამაში უფრო კარგია, ვიდრე მის წინააღმდეგ, მაგრამ მოვემზადები და ვნახოთ, რა იქნება“.