ფეხბურთი | კილიან მბაპეს ევროპის „ოქროს ბუცი“ გადაეცა #1TVSPORT
ფეხბურთი | კილიან მბაპეს ევროპის „ოქროს ბუცი“ გადაეცა #1TVSPORT

მადრიდის „რეალის“ ფრანგ თავდამსხმელს, კილიან მბაპეს ევროპის „ოქროს ბუცი“ გადაეცა – მან გასულ სეზონში ლა ლიგაში 31 გოლი გაიტანა და ტოპლიგების საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

კილიან მბაპე ლისაბონის „სპორტინგის“ თავდამსხმელის, ვიქტორ იოკერესის შედეგს 8 გოლით ჩამორჩა, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ესპანეთის ლა ლიგას უკეთესი კოეფიციენტი აქვს, ვიდრე პორტუგალიის ჩემპიონატს, გამარჯვებულიც სწორედ მბაპე გახდა. მას 62 ქულა ჰქონდა, ხოლო იოკერსს – 58.5.

მესამე ადგილი დაიკავა „ლივერპულის“ ეგვიპტელმა თავდამსხმელმა, მოჰამედ სალაჰმა (58 ქულა), ხოლო შემდეგ მოდიან რობერტ ლევანდოვსკი და ჰარი კეინი.

„ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც საკლუბო ტიტულებია. იმედი მაქვს, მადრიდის „რეალში“ დიდხანს დავრჩები და ბევრ ტიტულს მოვიგებთ“, – განაცხადა მბაპემ პრიზის ჩაბარების შემდეგ.

26 წლის ფრანგმა მიმდინარე სეზონიც შედეგიანად დაიწყო – ყველა ტურნირზე ჩატარებულ 13 შეხვედრაში 16 გოლი გაიტანა, უშუალოდ ლა ლიგაში კი მის ანგარიშზე 11 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.