ფეხბურთი | ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენმა“ „ოსერი“ დაამარცხა #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენმა“ საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-19 ტურში სტუმრად „ოსერი“ 1:0 დაამარცხა. შეხვედრის ერთადერთი გოლი ბრედლი ბარკოლამ გაიტანა.
პარიზელები დიდ უპირატესობას ფლობდნენ, თუმცა „ოსერის“ მეკარე საიმედოდ თამაშობდა და სტუმრებს ანგარიშის გახსნის საშუალებას არ აძლევდა. მატჩის მსვლელობა კვარაცხელიამ შეცვალა, რომელიც ძირითად შემადგენლობაში იყო და სრულად, 90 წუთი ითამაშა.
79-ე წუთზე ხვიჩამ ბურთი საკუთარ მოედანზე მიიღო და სწრაფი შეტევა დაიწყო – მოედნის ცენტრში უსმან დემბელე მოძებნა, რომელმაც ბრედლი ბარკოლა მეკარესთან პირისპირ გაიყვანა. ფრანგმა თავდამსხმელმა ზუსტად დაარტყა და „პარი სენ-ჟერმენს“ გამარჯვება მოუტანა.
19 ტურის შემდეგ „პარი სენ-ჟერმენს“ 45 ქულა აქვს და ლიდერ „ლანსს“ (43) გადაასწრო, თუმცა მეტოქეს მიმდინარე ტურში თავისი მატჩი „მარსელთან“ ელის.