ფეხბურთი | ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენმა“ „ბარსელონასა“ და მიუნხენის „ბაიერნის“ რეკორდი გაიმეორა #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენმა“ „ბარსელონასა“ და მიუნხენის „ბაიერნის“ რეკორდი გაიმეორა. დოჰაში გამართული საკონტინენტთაშორისო თასის ფინალში ფრანგულმა გრანდმა პენალტების სერიაში ბრაზილიური „ფლამენგო“ დაამარცხა და 21-ე საუკუნეში მამაკაცთა მესამე გუნდი გახდა, რომელმაც ერთ კალენდარულ წელში ექვსი ტიტული მოიპოვა.
მსგავსი რამ „ბარსელონამ“ 2009 წელს შეძლო, ხოლო „ბაიერნმა“ – 2020 წელს. მიმდინარე წელს პარიზელებმა საფრანგეთის ჩემპიონატი, ქვეყნის თასი და სუპერთასი, უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა, უეფა-ს სუპერთასი და საკონტინენტთაშორისო თასი მოიგეს.
აღსანიშნავია, რომ კვარაცხელია და მისი თანაგუნდელები 2025 წელს მხოლოდ ერთ საერთაშორისო ტურნირზე დამარცხდნენ – საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში.
„ფლამენგოსთან“ შეხვედრის ძირითადი და დამატებითი დრო ფრედ, 1:1 დასრულდა, ანგარიში ხვიჩა კვარაცხელიამ გახსნა. ქართველმა თავდამსხმელმა თავი ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც გამოიჩინა.