ფეხბურთი | ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგაზე „ლევერკუზენთან“ მატჩში გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა შეასრულა [ვიდეო] #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ძირითადი ეტაპის მესამე ტურში გერმანიაში „ლევერკუზენს“ ესტუმრა და 7:2 გაიმარჯვა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ლიდერმა შეხვედრაში გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა შეასრულა.
ხვიჩა კვარაცხელიას პასით მატჩის 41-ე წუთზე დეზირე დუემ გამოიჩინა თავი და ანგარიში პარიზელთა სასარგებლოდ 2:1 გახდა. ზუსტად ორ წუთში კი გოლი ქართველმა ფეხბურთელმა გაიტანა.
კვარაცხელიასა და დუეს გარდა, რომელმაც დუბლი შეასრულა, „პარი სენ-ჟერმენის“ მხრიდან გოლები უილიან პაჩოს, ნუნუ მენდეშის, უსმან დემბელესა და ვიტინიას ანგარიშზეა.
აღსანიშნავია, რომ მატჩის პირველ ტაიმში მსაჯმა ორივე გუნდის ფეხბურთელი გააძევა – პარიზელთა შემადგენლობიდან ილია ზაბარნი, ხოლო „ლევერკუზენიდან“ – რობერტ ანდრიხი.
ჩემპიონთა ლიგის ძირითად ეტაპზე ჩატარებული სამი მატჩის შემდეგ ტურნირის მოქმედ ჩემპიონს სამი გამარჯვება აქვს. „პარი სენ-ჟერმენი“ მომდევნო მატჩს 4 ნოემბერს საკუთარ მოედანზე მიუნხენის „ბაიერნთან“ ჩაატარებს.
რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას, მიმდინარე სეზონში მის ანგარიშზე ორი გოლი და ერთი საგოლე გადაცემაა.