ფეხბურთი | ხვიჩა კვარაცხელია - „ჩელსი“ თუ „ბარსელონა“? ორივე გუნდთან სათამაშოდ მზად ვართ #1TVSPORT

ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში „მონაკოსთან“ შეხვედრის (2:2) შემდეგ „პარი სენ-ჟერმენის“ ქართველმა თავდამსხმელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ კომენტარი გააკეთა და ყურადღება მწვრთნელის ფაქტორზე გაამახვილა.

„ჩემი აზრით, კარგად ვითამაშეთ, გოლის გაშვებამდე ბევრი მომენტი გვქონდა, მაგრამ ეს ფეხბურთია და ყველაფერი ხდება. „მონაკო“ შეტევაში ძლიერია, კონტრშეტევებზე კარგად თამაშობდა და გოლიც გაიტანა.

ვფიქრობდით თუ არა ტურნირიდან გავარდნაზე? ფეხბურთში არაფერია გამორიცხული, გოლის შემდეგ თავდაჯერება დავკარგეთ, მაგრამ გასახდელში მწვრთნელი გვესაუბრა და მან დიდი მოტივაცია მოგვცა, მეორე ტაიმი კარგად დავიწყეთ და საბოლოოდ სასურველ შედეგს მივაღწიეთ.

ვის ვისურვებდი შემდეგ ეტაპზე, „ჩელსის“ თუ „ბარსელონას“? ორივე დიდებული გუნდია, პატივს ვცემთ და, რა თქმა უნდა, მათთან სათამაშოდ მზად ვართ“.

„მონაკოსთან“ საპასუხო შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელია „პარი სენ-ჟერმენის“ ძირითად შემადგენლობაში იყო, 90 წუთი ითამაშა, 66-ე წუთზე კი გოლი გაიტანა. მატჩი 2:2 დასრულდა, პარიზელებმა ორი მატჩის ჯამში 5:4 (3:2, 2:2) მოიგეს და ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში ითამაშებენ.

მერვედფინალის წილისყრა 27 თებერვალს, 15:00 საათზე გაიმართება.