ფეხბურთი | იურგენ კლოპი, შესაძლოა, მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნის ერთ-ერთი კანდიდატი გახდეს #1TVSPORT
ფეხბურთის გერმანელი სპეციალისტი იურგენ კლოპი, შესაძლოა, მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნის ერთ-ერთი კანდიდატი გახდეს, – ამის შესახებ ინფორმაციას „სკაი სპორტის“ ჟურნალისტი ფლორიან პლეტენბერგი ავრცელებს.
„იურგენ კლოპი „რეალ მადრიდის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ერთ-ერთ კანდიდატად განიხილება იმ შემთხვევაში, თუ კლუბი ზაფხულში ახალი მწვრთნელის დანიშვნას გადაწყვეტს. ინფორმაცია, რომელიც 11 დეკემბერს გავრცელდა, კვლავ დადასტურდა.
ცნობილია, რომ მიუხედავად კლოპის გრძელვადიანი კონტრაქტისა „რედ ბულთან“ და მისი ძლიერი იდენტიფიკაციისა „რედ ბულის“ პროექტთან, „რეალ მადრიდი“ მისთვის ძალიან მიმზიდველი ვარიანტია. თუ „რეალი“ სერიოზულ ნაბიჯს გადადგამს, კლოპი ამ ვარიანტს განიხილავს“, – წერს პლეტენბერგი.
იურგენ კლოპი ბოლოს „ლივერპულს“ ავარჯიშებდა და გუნდი 2024 წლის მაისში დატოვა. მასთან ერთად 10 წლის განმავლობაში ინგლისური გუნდი მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთ წამყვან ძალად იქცა.
რაც შეეხება მადრიდის „რეალს“, კლუბს 12 იანვარს მთავარი მწვრთნელი ჩაბი ალონსო დაემშვიდობა, ხოლო მისი ადგილი ალვარო არბელოამ დაიკავა. გავრცელებულ განცხადებაში არ დაკონკრეტებულა, არბელოა გუნდს დროებით გაუძღვება თუ რამდენიმე წლის განმავლობაში.