ფეხბურთი | ინგლისელი ანალიტიკოსი - კვარაცხელიას სურს, კრიშტიანო რონალდოსავით ბევრ წარმატებას მიაღწიოს #1TVSPORT
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის ყოფილმა ასისტენტმა და ანალისტიკოსმა, ინგლისელმა დევიდ ვებმა გამოცემა talkSPORT-თან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ქართველი ვარსკვლავი ინგლისის პრემიერლიგაში თამაშით დაინტერესებულია.
„შესაფერისი კლუბი თუ გამოჩნდება, კარგი იქნება ხვიჩა კვარაცხელიას ინგლისში ხილვა, ამის შესახებ მასთან გვისაუბრია და პრემიერლიგაში თამაშით დაინტერესებულია. ის თვალყურს ადევნებს „ლივერპულის“, „არსენალის“, „ჩელსისა“ და სხვა დიდი გუნდების თამაშებს.
კვარაცხელია ფენომენალური ფეხბურთელია. „ნაპოლიში“ კონტეს ხელმძღვანელობით ფიზიკურად უკეთ მოემზადა და დაცვაში თამაშიც გააუმჯობესა. ვფიქრობ, ამჟამად ერთ-ერთი ყველაზე შრომისმოყვარე თავდამსხმელია.

მას სურს, რომ კრიშტიანო რონალდოს მსგავსად დიდ წარმატებებს მიაღწიოს. როდესაც პირადად გაიცნობთ, ვერც იფიქრებთ, რომ ვარსკვლავია, იმდენად უბრალო და თავმდაბალი ადამიანია. მოედანზე და ვარჯიშზე კი მისი საქმისადმი დამოკიდებულება და მონდომება სანიმუშოა, ასეთი თვისებები მხოლოდ საუკეთესო მოთამაშეებს ახასიათებთ.
კვარაცხელიას ხშირად უთქვამს, რომ სურს, რონალდოს მსგავსად, წარმატებული იყოს, პორტუგალიელი მისი ერთ-ერთი კერპია. ნაკრებში ვარჯიშის შემდეგ ყოველთვის მოედანზე რჩებოდა და სხვადასხვა ილეთს ამუშავებდა, ის მუდმივად წინსვლაზე ფიქრობს“.