ფეხბურთი | „იბერიის“ მწვრთნელი ანდრეი დემჩენკო – ვულოცავ ქართველ ხალხს ამ გამარჯვებას #1TVSPORT

23:21, 11.08.2026

საქართველოს ჩემპიონმა, „იბერიამ“ ჩრდილოეთ ირლანდიის „ლარნთან“ ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩის მოგების (2:1) შემდეგ ევროტურნირების ჯგუფურ ეტაპზე თამაში გაინაღდა. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ანდრეი დემჩენკომ, ეს ისტორიული შეხვედრა და შედეგი (ქართული გუნდი ევროტურნირის მთავარ ეპტაზე 22-წლიანი პაუზის შემდეგ გავიდა) პრესკონფერენციაზე შეაჯამა:

„ვულოცავ ქართველ ხალხს ამ გამარჯვებას – ყველას, ვინც ამ თამაშის გამო ნერვიულობდა. ჩვენ ისტორიაში შევედით, რადგან ახალი ფურცელი დავწერეთ და 22 წლის შემდეგ ევროტურნირის ჯგუფურ ეტაპზე მოვხვდით.

ვიცოდი, რომ ეს თამაში უნდა მოგვეგო. კარგად ვითამაშეთ, მეტოქეს ვაკონტროლებდით და შედეგიც კანონზომიერია. თუმცა, მომენტები გვქონდა და გოლები უფრო ადრე უნდა გაგვეტანა. მიუხედავად ამისა, მჯეროდა, რომ ამას დამატებით დროში მაინც შევძლებდით.

აუცილებლად შევეცდებით ევროპის ლიგის პლეი ოფში წარმატებით გამოსვლას. „იაგელონიასთან“ ვითამაშებთ თუ „რეინჯერსთან“, ბრძოლას ვაპირებთ. დანებებას ნამდვილად არ ვგეგმავთ. ვიომებთ და იმედია, ევროპა ლიგის ჯგუფში მოვხვდებით.

ახლა საქართველოს ეროვნულ ლიგაშიც ურთულესი თამაშები გველის. ფაქტობრივად, ორ ფრონტზე გვიწევს ბრძოლა. ამ გამოწვევებს რომ გავუმკლავდეთ, ფეხბურთელები აუცილებლად უნდა დავიმატოთ.

ჩვენ ბოლო წამამდე ვიბრძოდით. ფეხბურთელებს სულ ვეუბნები, რომ დანებება არასოდეს შეიძლება. მიხარია, რომ მეორე გოლის გატანა და საქმის ბოლომდე მიყვანა შევძელით. მიმაჩნია, რომ მეორე გოლი ღმერთმა გვაჩუქა“, – განაცხადა დემჩენკომ.

მსგავსი