ფეხბურთი | „იბერიის“ კაპიტანი გიორგი ჯინჯოლავა – ამ გამარჯვებაში გულშემატკივარმა დიდი როლი ითამაშა #1TVSPORT
ჩრდილოეთ ირლანდიის „ლარნთან“ ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი შეხვედრის მოგების (2:1) შესახებ თბილისის „იბერიის“ კაპიტანმა, გიორგი ჯინჯოლავამ ისაუბრა.
„ასეთი გულშემატკივრის წინაშე თამაშის გამოცდილება არ გვქონდა და დღეს ესეც შევიძინეთ. ვულოცავ მთელ საქართველოს ამ გამარჯვებას, რადგან დიდი ხნის პაუზის შემდეგ ქართული გუნდი ევროტურნირის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს.
მიუღებელია ის, რომ პირველი თამაშის შემდეგ ასე გაგვაკრიტიკეს. ეს ჩემზე ვერ მოქმედებს, მაგრამ ჩასაფრებული ხალხი ზოგიერთ მოთამაშეს განწყობას უფუჭებს. ნამდვილი გულშემატკივარი კი ის არის, ვინც დღეს სტადიონზე იყო და ამ გამარჯვებაში დიდი როლი ითამაშა.
გვაკრიტიკებდნენ, როდესაც ნახევარი გზა გვქონდ გავლილი. კრიტიკა მისაღებია, მაგრამ ვითარებას გააჩნია – როდესაც პირველი მატჩი 0:0 დავასრულეთ და თან ყველამ იცის, თუ რა რთულ პირობებში მოგვიწია ჩრდილოეთ ირლანდიაში თამაში, ეს კრიტიკა კი აღარ იყო, უფრო ჩასაფრებული ადამიანების პოზიციას ჰგავდა.
დღეს ყველამ ვიცოდით, თუ რა მნიშვნელობის თამაში იყო. მოედანზე ყველა გავიდა და ყველაფერი გაიღო. მადლობა ყველას, ვინც ითამაშა და ვინც არ ითამაშა – გუნდს ყველა ეს ადამიანი ქმნის და არა მხოლოდ ისინი, ვინც მოედანზე გადის. 11 წლიდან „იბერიის“ ფეხბურთელი ვარ და ჩემთვის ეს განსაკუთრებული წარმატება და სიხარულია“, – განაცხადა ჯინჯოლავამ.
თბილისის „იბერიამ“ „ლარნთან“ გამარჯვებით უეფა-ს ევროპის ლიგის პლეი ოფში თამაშის უფლება მოიპოვა და ამავდროულად, კონფერენსლიგის ძირითადი ეტაპის საგზური გაინაღდა.