ფეხბურთი | „იბერიას“ ვიცე-პრეზიდენტი - ავსტრიელებთან მოლაპარაკება დასრულებულია, მამაგეიშვილმა „შტურმთან“ კონტრაქტი გააფორმა #1TVSPORT
ფეხბურთი | „იბერიას“ ვიცე-პრეზიდენტი - ავსტრიელებთან მოლაპარაკება დასრულებულია, მამაგეიშვილმა „შტურმთან“ კონტრაქტი გააფორმა #1TVSPORT

საფეხბურთო კლუბ „იბერიაში“ საქართველოს პირველ არხთან დაადასტურეს Geo Team-ში გავრცელებული ინფორმაცია, რომ საქართველოს ჩემპიონის კაპიტანი გიზი მამაგეიშვილი კარიერას ავსტრიის ჩემპიონ გუნდში, ოთარ კიტეიშვილის გრაცის „შტურმში“ გააგრძელებს.

„დიახ, ეს ინფორმაცია სიმართლეა. მოლაპარაკება დასრულებულია, ჩვენი კაპიტანი უკვე ავსტრიაშია, სამედიცინო შემოწმება გაიარა და 3.5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა“, – განაცხადა საქართველოს პირველი არხთან „იბერიას“ ვიცე-პრეზიდენტმა დავით ხეჩიკაშვილმა.

მისი თქმით, საქართველოს ჩემპიონი გუნდის ამოცანა მომავალი წლისთვის ბირთვის შენარჩუნებაა, მაგრამ ახალგაზრდა მოთამაშეს ხელს ვერ შეუშლიდნენ:

„გიზი მამაგეიშვილმა ჩვენი კლუბისთვის ბევრი გააკეთა. მას ავსტრიის ჩემპიონი იწვევდა, რომელიც ევროპალიგაზე თამაშობს. ამავე დროს, ის „შტურმში“ ოთარ კიტეიშვილთან ერთად იქნება და დიდი შანსი აქვს, ამის მერე გრანდში წავიდეს და საქართველოს ნაკრებში მოხვდეს და მას გამოადგეს“.

გიზი მამაგეიშვილი საყრდენი ნახევარმცველია. 22 წლის ფეხბურთელი „იბერიას“ აკადემიის აღზრდილია. იყო საქართველოს ყველა ასაკობრივი ნაკრების წევრი და ევრო 2025-ის მონაწილე.