ფეხბურთი | „იბერიამ“ თურქულ შეკრებაზე ბოლო მატჩი მოიგო #1TVSPORT
ფეხბურთი | „იბერიამ“ თურქულ შეკრებაზე ბოლო მატჩი მოიგო #1TVSPORT

თბილისის „იბერია“ თურქულ შეკრებაზე ბოლო ამხანაგურ შეხვედრაში უზბეკურ ოკმკ-ს („ალმალიკი“) დაუპირისპირდა და 1:0 გაიმარჯვა.

საქართველოს ჩემპიონის რიგებიდან ერთადერთი გოლი 16 წლის ანდრია ბართიშვილმა გაიტანა – „იბერიის“ ახალწვეულმა, რომელიც გუნდს ფოთის „კოლხეთიდან“ შეუერთდა, თურქულ შეკრებაზე თავი პირველად გამოიჩინა.

იბერიელები თურქეთში 19 იანვარს გაემგზავრნენ, სადაც ერთთვიანი წინასასეზონო შეკრება გაიარეს და, ჯამში, ხუთი ამხანაგური შეხვედრა ჩაატარეს. თბილისელებმა ორი მატჩი მოიგეს – მოლდოვურ „პეტროკუბთან“ (2:1) და „ალმალიკთან“ (1:0), ორი ფრედ დაასრულეს – სლოვაკურ „რუჟემბეროკთან“ (1:1) და უკრაინულ „ვერესთან“ (2:2), ხოლო ერთ შეხვედრაში დამარცხდნენ – კიევის „დინამოსთან“ (0:2).

„იბერია“ ეროვნული ლიგის ახალ სეზონს 28 თებერვალს გახსნის – საქართველოს ჩემპიონი „მიხეილ მესხის“ სტადიონზე ჩემპიონატის დებიუტანტს, ტყიბულის „მეშახტეს“ უმასპინძლებს.