ფეხბურთი | „იბერიამ“ ლუქსემბურგის ნაკრების მცველი დაიმატა – თბილისელები კიევის „დინამოსთან“ დამარცხდნენ #1TVSPORT
საქართველოს ჩემპიონმა „იბერიამ“ მორიგი ახალწვეული – ვაჰიდ სელიმოვიჩი წარადგინა, რომელიც ლუქსემბურგის ეროვნული ნაკრების წევრია.
28 წლის ცენტრალურ მცველს კარიერის განმავლობაში უთამაშია ფრანგულ „მეცში“, კვიპროსულ „აპოლონში“, ბერძნულ „ოფი კრეტაში“, სლოვენიურ „გორიცაში“, ბოსნიურ „ჟელეზნიჩარში“ და რუმინულ „ჰერმანშტადტში“. ლუქსემბურგის ნაკრების მაისურით სელიმოვიჩს ჩატარებული აქვს 14 მატჩი და გატანილი აქვს ერთი გოლი.
ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს ჩემპიონს თურქულ შეკრებაზე ლუკას კაფე შეუერთდა – 22 წლის ბრაზილიელი შემტევი ნახევარმცველი, რომელიც ბოლოს სომხურ „ვანში“ თამაშობდა. მანამდე კაფე რამდენიმე ბრაზილიური კლუბის ღირსებას იცავდა.
თურქულ შეკრებაზე თბილისური „იბერია“ კიევის „დინამოს“ დაუპირისპირდა და 0:2 დამარცხდა. უკრაინული გუნდის მხრიდან გოლები ვოლოდიმირ ბრაჟკომ და მატვეი პონომარენკომ გაიტანეს. შეხვედრაში „იბერიამ“ სამი რეალური საგოლე მომენტი შექმნა, თუმცა ამირან ძაგანიამ (ორჯერ) და ანდრია ბართიშვილმა შანსებით ვერ ისარგებლეს.