ფეხბურთი | გორის „დილამ“ ორი ახალი ლეგიონერი დაიმატა #1TVSPORT
ეროვნული ლიგის ახალი სეზონის დაწყებამდე გორის „დილამ“ ორი ლეგიონერი წარადგინა – საქართველოს ვიცე-ჩემპიონის ღირსებას სენეგალელი ოუმარ ტალი და გვინეელი მოჰამედ კანტე დაიცავენ.
18 წლის ტალი ამპლუით შემტევი ნახევარმცველია. მას აქამდე უცხოეთში არ უთამაშია და გორის „დილას“ სენეგალის ჩემპიონატიდან შეუერთდა.
21 წლის მოჰამედ კანტემ კარიერა სამშობლოში დაიწყო, საიდანაც დანიურ „ოდენსში” გადავიდა, ბოლოს კი ტუნისის ჩემპიონატში გამოდიოდა. მას თამაში როგორც ცენტრფორვარდად, ასევე შეტევის ორივე ფლანგზე შეუძლია.
კლუბმა ზამთრის სატრანსფერო პერიოდი ნაყოფიერად გამოიყენა. გუნდმა აქამდე სამი ლეგიონერი დაიმატა – მალიკ ოლატუნჯი („სარპსბორგი“, ნორვეგია), რუბენ კომპაორე („კირიათ შმონა“, ისრაელი) და ტრეივონ ფულერი („ტონდელა“, პორტუგალია).
მათ გარდა „დილაში“ ნიკოლოზ მალი („ბუნიოდკორი“, უზბეკეთი), გიორგი ჯალაღონია („რუსთავი“), ლაშა მენთეშაშვილი („ლოკომოტივი“), დავით გოცირიძე („გაგრა“) და ბადრი გოგობერიშვილი („გარეჯი“) ითამაშებენ.