ფეხბურთი | „გონიომ“ აკადემიის პორტუგალიელი ხელმძღვანელი ბრუნო ფერნანდეში ოფიციალურად წარადგინა #1TVSPORT
„გონიომ“ ბრუნო ფერნანდეში ოფიციალურად წარადგინა – პორტუგალიელი სპეციალისტი კლუბის საფეხბურთო აკადემიას უხელმძღვანელებს. მასთან ერთად ორი პორტუგალიელი მწვრთნელი იმუშავებს, საფეხბურთო აკადემია კი, მინიმუმ, ერთი წელი ბავშვებისთვის უფასო იქნება.
ბრუნო ფერნანდეშს კარიერის საუკეთესო წლები „მარიტიმუში“, „ნასიონალში“, „მორეირენსესა“ და „პორტუში“ აქვს გატარებული – ამ უკანასკნელთან ერთად მოიგო უეფა-ს თასი, სუპერთასი და პორტუგალიის ჩემპიონის ტიტული.
ბრუნო ფერნანდეში საქართველოში საფეხბურთო მენეჯერების, გეგი კიკაბიძისა და პაულო ანდრადე ფარიას რეკომენდაციით ჩამოვიდა. პროექტის მიზანი ქართველი ბავშვების თანამედროვე მეთოდოლოგიით აღზრდა და მათთვის პორტუგალიური ლიგებისკენ გზის გახსნაა.
„პირველ რიგში, მინდა, მადლობა გადაგიხადოთ ნდობისა და თბილი მიღებისთვის. საქართველოში იმიტომ ვიმყოფები, რომ „გონიოს“ ძლიერი აკადემიის დაფუძნებაში დავეხმარო. აქ ნიჭიერი ფეხბურთელები იზრდებიან, მაგრამ საწყენია, რომ ისინი პოტენციალს ბოლომდე ვერ ავლენენ. სწორედ იმიტომ ვარ თქვენთან, რომ ეს პრობლემა მოგვარდეს“, – ამბობს ბრუნო ფერნანდეში.