ფეხბურთი | გოჩოლეიშვილის „ჰამბურგმა“ საქმე გაირთულა, „უოტფორდმა“ ჩემპიონშიფში ადგილი შეინარჩუნა, სლოვაკეთში ქართველებმა საგოლე გადაცემები მიითვალეს #1TVSPORT
გიორგი გოჩოლეიშვილის „ჰამბურგმა“ გერმანიის ბუნდესლიგაში ჩემპიონთა ლიგის ზონაში მყოფ „ჰოფენჰაიმს“ უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა.
საქართველოს ნაკრების მცველი სათადარიგო იყო და თამაშში 75-ე წუთიდან ჩაერთო. „ჰამბურგმა“ წაგებით მდგომარეობა გაირთულა – სეზონის დასრულებამდე სამი ტურით ადრე მე-14 ადგილზეა და პლეიაუტის ზონას მხოლოდ 5 ქულა აშორებს.
ინგლისის ჩემპიონშიპის 45-ე ტურში „უოტფორდი“ „მიდლსბროს“ სტუმრად დაუპირისპირდა და 1:5 დამარცხდა. გიორგი ჩაკვეტაძეს და საბა გოგლიჩიძეს არ უთამაშიათ. სეზონის დასრულებამდე ერთი ტურია დარჩენილი, „უოტფორდმა“ კი წაგების მიუხედავად ლიგაში ადგილი შეინარჩუნა.

გიორგი გაგუასა და ცოტნე კაპანაძის „დუნაისკა სტრედა“ სლოვაკეთის ჩემპიონატის საჩემპიონო ექვსეულში კონკურენტს, სანდრო ნარიმანიძის „ჟილინას“ შეხვდა და 3:1 სძლია.
გაგუამ თამაში „დუნაისკას“ ძირითად შემადგენლობაში დაიწყო, „ჟილინაში“ კი სასტარტოში იყო ნარიმანიძე და მატჩი ორივემ შეუცვლელად ჩაატარა, ხოლო კაპანაძე მოედანზე 59-ე წუთზე შევიდა. გაგუამ და კაპანაძემ საგოლე გადაცემები ჩაიწერეს და მოგებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს.
თორნიკე ძოწენიძის „მიხალოვცემ“ „პოდბრეზოვა“ მიიღო და 1:2 დამარცხდა. ქართველი მცველი სასტარტო თერთმეტეულში იყო და მატჩი შეუცვლელად ჩაატარა.
„დუნაისკა სტრედა“ 55 ქულით მეორე ადგილზეა, ხოლო „ჟილინა“ (49) – მეოთხეზე და კონფერენს ლიგის საგზურისთვის იბრძვის.