ფეხბურთი | გიზი მამაგეიშვილი - ოთარ კიტეიშვილი „შტურმში“ ყველანაირად მეხმარება #1TVSPORT
გრაცის „შტურმის“ ოფიციალურმა ვებგვერდმა ინტერვიუ ჩამოართვა გიზი მამაგეიშვილს, რომელიც გუნდს ზამთარში შეუერთდა. ის სეზონისთვის მოსამზადებელი ეტაპის დროს 23 წლის გახდა. ქართველმა ნახევარმცველმა ავსტრიულ კლუბში შექმნილ პირველ შთაბეჭდილებებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
„ძალიან სწრაფად ვიგრძენი თავი გუნდის ნაწილად და ამით ბედნიერი ვარ. ყველამ თბილად მიმიღო, რამაც ადაპტაციის პროცესი გამიადვილა. ჩემი პირველი დაბადების დღეა „შტურმში“ და იმედი მაქვს, რომ ეს წელი ჩემთვის განსაკუთრებული და დაუვიწყარი იქნება.
მარბელას შეკრებაზე ფიზიკურად და მენტალურად ძალიან ინტენსიურად ვიმუშავე. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ახალ გუნდთან ადაპტაცია. შევძელი გუნდის დინამიკის, მენტალიტეტისა და საერთო მიმართულების უკეთ გაგება – ეს ძალიან ღირებული და პროდუქტიული პერიოდი იყო.
როგორ აღვწერ საკუთარ თავს? შრომისმოყვარე მოთამაშე ვარ, გულით ვთამაშობ და ვცდილობ, მწვრთნელის მითითებები მაქსიმალურად ეფექტურად შევასრულო. ფეხბურთელს ყოველთვის აქვს განვითარების შესაძლებლობა და ყოველდღიურად სწორედ ამაზე ვმუშაობ, რათა თავი მაქსიმალურად გამოვავლინო.
ოთარ კიტეიშვილი არა მხოლოდ შესანიშნავი ფეხბურთელია, არამედ ძალიან კარგი ადამიანიც. ის ყველანაირად მეხმარება. მისი მხარდაჭერის წყალობით გუნდში კიდევ უფრო სწრაფად მიმიღეს. ყოველთვის ზრუნავს, რომ თავი კომფორტულად ვიგრძნო და სრულად კონცენტრირებული ვიყო ფეხბურთზე. მისი ლიდერული თვისებები ისედაც აშკარა იყო და მასთან მუშაობისას ეს კიდევ უფრო ნათლად დავინახე.
რაც შეეხება ჩემს მიზნებს „შტურმში“, რა თქმა უნდა, გვსურს ყველა შესაძლო ტიტულისთვის ვიბრძოლოთ. მაღალი მიზნების დასახვა მიყვარს და მჯერა, რომ ამ გუნდში ეს რეალურია. დაბადების დღეზე განსაკუთრებული სურვილები არ მაქვს – უბრალოდ აქ ყოფნით ბედნიერი ვარ“, – ამბობს მამაგეიშვილი.