ფეხბურთი | გიორგი წიტაიშვილმა „პარი სენ-ჟერმენის“ კარში გოლი გაიტანა [ვიდეო] #1TVSPORT

ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-16 ტურში გიორგი წიტაიშვილისა და გიორგი აბუაშვილის „მეცს“ ესტუმრა და დაძაბულ, სანახაობრივ შეხვედრაში 3:2 გაიმარჯვა. „მეცის“ მხრიდან შეხვედრაში ერთი გოლი ქართველმა ფეხბურთელმა, გიორგი წიტაიშვილმა გაიტანა.

ლიდერისა და აუტსაიდერის დაპირისპირებაში „მეცის“ შემადგენლობაში პირველივე წუთებიდან გამოჩნდა წიტაიშვილი, რომელიც მასპინძელთა რიგებში ერთ-ერთი საუკეთესო იყო და 84-ე წუთზე ის გიორგი აბუაშვილმა შეცვალა. „პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ ხვიჩა კვარაცხელიას დასვენების საშუალება მისცა და მოედანზე 66-ე წუთზე შეუშვა.

პარიზელები გონსალო რამუშისა (31) და კვენტინ ნჯანტუს (39) გოლებით დაწინაურდნენ, რასაც მასპინძლებმა შესვენებამდე ჯესი დემინგეს ზუსტი დარტყმით უპასუხეს (42).

მე-60 წუთზე გიორგი წიტაიშვილის გადაცემის შემდეგ ჰაბიბ დიალომ გოლის გატანის შანსი მიიღო, თუმცა მიზანს ააცილა. 63-ე წუთზე დეზირე დუემ პარიზელთა უპირატესობა კვლავ გაზარდა, ხოლო „მეცის“ ქართველმა გარემარბმა გოლის გატანა მე-80 წუთზე მოახერხა და სხვაობა შეამცირა.

ლიგა 1-ში ჩატარებული 16 ტურის შემდეგ „პარი სენ-ჟერმენმა“ 36 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილის ლიდერია, „მეცი“ კი 11 ქულით მე-18 პოზიციაზეა.