ფეხბურთი | გიორგი ქოჩორაშვილმა „სპორტინგის“ ძირითად შემადგენლობაში ითამაშა #1TVSPORT
გიორგი ქოჩორაშვილი „სპორტინგის“ ძირითად შემადგენლობაში დაბრუნდა. ლისაბონურმა კლუბმა პორტუგალიის თასის საშინაო მეოთხედფინალურ შეხვედრაში „ავეში“ 3:2 დაამარცხა.
გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, რუი ბორხესმა ძირითად თერთმეტეულში რვა ცვლილება განახორციელა, რამაც ქოჩორაშვილს თამაშის შანსი მისცა. ქართველმა ნახევარმცველმა მოედანზე 69 წუთი გაატარა. ბოლოს ის „სპორტინგის“ ძირითად შემადგენლობაში, 13 დეკემბერს პორტუგალიის ჩემპიონატში სწორედ „ავეშის“ წინააღმდეგ გამოჩნდა და მაშინ საგოლე გადაცემაც შეასრულა.
მატჩი მოულოდნელი სცენარით განვითარდა. გუნდმა, რომელიც „სპორტინგთან“ დეკემბერში 0:6 დამარცხდა, ამჯერად სერიოზული წინააღმდეგობა გაუწია მასპინძლებს. ლუის გილერმეს (29) და ლუის სუარესის (59) გოლებით „სპორტინგი“ იგებდა, თუმცა პედრუ ლიმას (69) და ნენეს (90+2) ზუსტად შესრულებულმა პენალტებმა „ავეში“ დამატებით დროში გადაიყვანა შეხვედრა.
საბოლოოდ, დამატებულ დროში გენი კატამოს (117) გატანილმა გოლმა „სპორტინგს“ ნახევარფინალის საგზური მოუტანა.