ფეხბურთი | გიორგი მიქაუტაძის „ვილიარეალი“ „ლევანტესთან“ გადადებულ მატჩს იანვარში გამართავს - კლუბს 2026 წლისთვის სარეკორდო ბიუჯეტი დაუმტკიცეს #1TVSPORT
ესპანეთის ლა ლიგის მე-16 ტურის გადადებული შეხვედრა „ლევანტესა“ და გიორგი მიქაუტაძის „ვილიარეალს“ შორის, შესაძლოა, 2026 წლის 7 ან 8 იანვარს გაიმართოს, – ინფორმაციას ესპანეთის სამეფო ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.
ორგანიზაციამ ორივე კლუბს ოფიციალურად აცნობა მატჩის გადადების შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილება შეხვედრის მსაჯმა კვირას მიიღო, მას შემდეგ, რაც ვალენსიის საგანგებო სიტუაციების ცენტრმა ქალაქში ძლიერი წვიმისა და ქარიშხლის გამო წითელი განგაში გამოაცხადა.
ფედერაციამ ლა ლიგასა და დაზარალებულ კლუბებს ალტერნატიული თარიღის შესათანხმებლად ხუთი სამუშაო დღე მისცა. „ლევანტეს“ წყაროების ინფორმაციით, შეხვედრა, დიდი ალბათობით, 7 ან 8 იანვარს გაიმართება, რადგან ამ პერიოდში ესპანეთის თასის (კოპა დელ რეი) მატჩები დაგეგმილი არ არის, ხოლო „ვილიარეალს“ ჩემპიონთა ლიგაზე თამაში არ უწევს.
შესაძლოა, ეს შეხვედრა ქართველ ფეხბურთელთა დაპირისპირების დღედაც იქცეს. ვრცელდება ცნობები, რომ გიორგი ქოჩორაშვილის იჯარით დაბრუნება „ლევანტეს“ სურს.
ამავე დროს, „ვილიარეალის“ აქციონერთა საერთო კრებაზე დამტკიცდა ფინანსური ანგარიშგება და წარმოდგენილი იქნა სარეკორდო ბიუჯეტი – 215 მილიონი ევრო (მოსალოდნელი მოგების გამოკლებით), რაც კლუბის ისტორიაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. „ვილიარეალმა“ 2024/25 წლების სეზონი თითქმის 14 მილიონი ევროს დადებითი ბალანსით დაასრულა.