ფეხბურთი | გიორგი მიქაუტაძის „ვილიარეალი“ „ბარსელონასთან“ დამარცხდა, გურამ კაშიას „სლოვანი“ ლიდერია #1TVSPORT
ფეხბურთი | გიორგი მიქაუტაძის „ვილიარეალი“ „ბარსელონასთან“ დამარცხდა, გურამ კაშიას „სლოვანი“ ლიდერია #1TVSPORT

გიორგი მიქაუტაძის „ვილიარეალი“ ლა ლიგაში „ბარსელონას“ ესტუმრა, ლამინ იამალის შესანიშნავი თამაშის წინააღმდეგ ვერაფერი გააწყო და 1:4 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ესპანეთის ჩემპიონატის 26-ე ტურის გასვლით შეხვედრაში სტუმართა ძირითად შემადგენლობაში იყო, თუმცა ამჯერად გოლით ან საგოლე გადაცემით თავი ვერ გამოიჩინა.

შეხვედრაში იამალმა ჰეთთრიქი შეასრულა, ერთი გოლი ლევანდოვსკიმ გაიტანა, ხოლო „ვილიარეალის“ მხრიდან თავი გეიემ გამოიჩინა. „ვილიარეალი“ ლა ლიგაში ჩატარებული 26 ტურის შემდეგ 51 ქულით მესამე ადგილზე დარჩა, თუმცა მადრიდის „ატლეტიკოს“ (51) ტურის მატჩის მოგების შემთხვევაში მისი დაწევის შესაძლებლობა ექნება.

სლოვაკეთის ჩემპიონატის 22-ე ტურში გურამ კაშიას ბრატისლავის „სლოვანმა“ ტრნავას „სპარტაკს“ უმასპინძლა და 4:0 დაამარცხა. „ჯვაროსნების“ მცველი მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყო, გუნდს უკაპიტნა და შეუცვლელად ითამაშა. სტუმართა რიგებში გიორგი მოისწრაფიშვილი და ლუკა ხორხელი მოედანზე შეცვლაზე შევიდნენ.

ქართველების გუნდები ერთმანეთს ჟილინაშიც დაუპირისპირდნენ, სადაც „ჟილინა“ „დუნაისკა სტრედას“ 0:0 დაუზავდა. მასპინძელთა შორის შეუცვლელად ითამაშა სანდრო ნარიმანიძემ, ხოლო სტუმართა რიგებში – ცოტნე კაპანაძემ, რომელიც 7,9 ქულით მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. „დუნაისკაში“ კვლავ არ გამოჩენილა გიორგი გაგუა, რომელიც ტრავმირებულია.

თორნიკე ძოწენიძემ ყვითელი ბარათების სიმრავლის გამო გამოტოვა შეხვედრა, რომელშიც „მიხალოვცე“ საკუთარ მოედანზე „კოშიცესთან“ 0:2 დამარცხდა. გია ნადარეიშვილმა „ტრენჩინში“ 45 წუთი ითამაშა – მისმა გუნდმა სტუმრად „სკალიცა“ 1:0 დაამარცხა.

22 ტურის შემდეგ სლოვაკეთის ჩემპიონატს ქართველების გუნდები ლიდერობენ – პირველადგილოსან „სლოვანს“ (46) ჩამორჩებიან „დუნაისკა სტრედა“ (43), „ჟილინა“ (40) და „ტრნავა“ (37).