ფეხბურთი | გიორგი მამარდაშვილის „ლივერპულმა“ ჩემპიონთა ლიგაზე მადრიდის „რეალი“ დაამარცხა #1TVSPORT
უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის 2025/2026 წლის სეზონის ძირითადი ეტაპის მეოთხე ტურში „ლივერპულმა“ მადრიდის „რეალს“ უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი კვლავ „ლივერპულის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და მატჩის მანძილზე მეტოქეთა დარტყმული ბურთი ორჯერ მოიგერია.
შეხვედრაში გამარჯვების გოლი ინგლისური გუნდის არგენტინელმა ნახევარმცველმა, ალექსის მაკ ალისტერმა 61-ე წუთზე გაიტანა, მან დომინიკ სობოსლაის გადაცემა გამოიყენა.
აღსანიშნავია, რომ თამაშის მანძილზე „ლივერპულს“ ბევრად მეტი გოლის გატანა შეეძლო, თუმცა დამაჯერებელი იყო მადრიდის „რეალის“ ბელგიელი მეკარე ტიბო კურტუა.
ოთხი ტურის შემდეგ მამარდაშვილის გუნდს 9 ქულა აქვს და მეექვსე ადგილზეა. მომდევნო მატჩს „ლივერპული“ ჩემპიონთა ლიგაზე 26 ნოემბერს „პსვ ეინდჰოვენთან“ გამართავს.
ჩემპიონთა ლიგის ძირითად ეტაპზე 36 გუნდი თამაშობს, ხოლო პლეი ოფში ბრძოლას 24 საუკეთესო შედეგის მქონე გააგრძელებს.