ფეხბურთი | გიორგი მამარდაშვილი - თავდაუზოგავად ვვარჯიშობ და მჯერა, რომ „ლივერპულში“ შანს აუცილებლად მომეცემა #1TVSPORT
„მჯერა, რომ თამაშის შანსი მომეცემა“, – ამის შესახებ გიორგი მამარდაშვილმა „ლივერპულის“ ოფიციალური ტელეარხის გადაცემაში („წითლების მრგვალი მაგიდა“) განაცხადა, რომელსაც ფლორიან ვირტცსა და ჯერემი ფრიმპონგთან ერთად ეწვია.
საქართველოს ნაკრების მეკარემ „ლივერპულში“ ბოლოს 12 იანვარს ინგლისის ასოციაციის თასზე „ბარნსლისთან“ ითამაშა. მამარდაშვილმა კომენტარი თავის ამჟამინდელ მდგომარეობაზე გააკეთა.
„როდესაც „ვალენსიაში“ ვთამაშობდი, მეკარეთა მწვრთნელი ხოსე მანუელ ოჩოტორენა სულ მეუბნებოდა, რომ ამბიციასა და მოთმინებას შორის ბალანსის პოვნა აუცილებელი იყო და შრომა უნდა გამეგრძელებინა.

რთული სათქმელია, ზუსტად როდის მომეცემა შანსი, კარში ხომ მხოლოდ ერთი ადგილია. ამ ეტაპზე თამაში რომ არ მიწევს, ეს არაფერს ნიშნავს. ბოლომდე ვიხარჯები, თავდაუზოგავად ვვარჯიშობ და მჯერა, შანსი მომეცემა. შეიძლება, ეს წელს არ მოხდეს, მაგრამ აუცილებლად მოხდება“, – განაცხადა მამარდაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ „ლივერპულის“ პირველი ნომერი ალისონ ბეკერი ვარჯიშზე დაშავდა და გუნდს სტამბოლში ვერ გაჰყვა. ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „გალათასარაისთან“ შეხვედრაში, დიდი ალბათობით, მერსისაიდელთა კარს გიორგი მამარდაშვილი დაიცავს.