ფეხბურთი | გიორგი მაისურაძე „პოლიესიეს“ დატოვებს #1TVSPORT
„პოლიესიე“ უახლოეს პერიოდში შესაძლოა რამდენიმე ფეხბურთელს დაშორდეს, მათ შორის არის საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი მარჯვენა მცველი გიორგი მაისურაძე, – ინფორმაციას უკრაინული გამოცემა ua-football-ი ავრცელებს.
„წყაროების თანახმად, ჟიტომირის კლუბიდან წასვლის რისკის ქვეშ სულ მცირე რვა მოთამაშეა – ლუკას ტეილორი, გიორგი მაისურაძე, ჟოაო ვიალე, ოფეკ ბიტონი, ენდი ხადროი, ანდრე გონსალვეში, ბოგდან ლედნევი და ჰეორჰი ბუშჩანი. გუნდში ცვლილებების მიზეზები არ დაკონკრეტებულა, თუმცა ცნობილია, რომ რუსლან როტანის ხელმძღვანელობით სამწვრთნელო შტაბი მათზე იმედს აღარ ამყარებს“, – წერს უკრაინული გამოცემა.
გიორგი მაისურაძემ 2025 წლის ზაფხულში საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობაში სლოვაკეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა. ტურნირის შემდეგ „პოლიესიეში“ დაბრუნებულ ქართველ მცველს მოედანზე მხოლოდ ერთხელ მისცეს შანსი – 14 სექტემბერს „კრივბასთან“ შეხვედრაში, ისიც ერთი წუთით.
ივლისის შემდეგ 23 წლის ფეხბურთელი უმეტესად განაცხადშიც ვერ ხვდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ მას სხვა კლუბში გადასვლის რეალური შესაძლებლობა ჰქონდა, კლუბმა არ გაუშვა. მაისურაძე „პოლიესიეში“ 2024 წლის ზაფხულში „დინამო თბილისიდან“ გადავიდა.