ფეხბურთი | გიორგი გულიაშვილი „სარაევოს“ დაემშვიდობა - ეს გუნდი ჩემი კარიერის უბრალო გაჩერება არ იყო, ის ყოველთვის ჩემს გულში დარჩება #1TVSPORT
გიორგი გულიაშვილმა ესპანეთის ლა ლიგა 2-ის ლიდერთან, სანტანდერის „რასინგთან“ კონტრაქტი გააფორმა და „სარაევოს“ დაემშვიდობა, სადაც 2023 წელს გადავიდა და მალევე კლუბის ერთ-ერთ ლიდერად იქაც, შემდეგ კი კაპიტნი გახდა.
ქართველი ფეხბურთელი არაერთი კლუბის ინტერესის ობიექტი იყო, თუმცა საბოლოოდ ესპანეთში კარიერის გაგრძელება გადაწყვიტა. გულიაშვილმა განცხადება „სარაევოს“ ოფიციალურ ვებგვერდზე გაავრცელა.
„ძნელია სიტყვების პოვნა იმ ყველაფრის შემდეგ, რაც „სარაევოში“ გავიარე. ამ კლუბმა და ქალაქმა მაგრძნობინა ნდობა, პასუხისმგებლობა და კაპიტნის სამკლაურის ტარების პატივი, რაც ჩემთვის სამუდამოდ დასამახსოვრებელი იქნება. ჩვენ ერთად ბევრი რამ გამოვიარეთ და ყოველი თამაში განსაკუთრებულ ემოციებს იწვევდა.
ვამაყობ იმით, რასაც ერთად მივაღწიეთ. მადლიერი ვარ ჩემი თანაგუნდელების, სამწვრთნელო შტაბისა და გულშემატკივრების, რომლებიც ყოველთვის ჩემ გვერდით იყვნენ. „სარაევო“ ჩემი კარიერის უბრალო გაჩერება არ ყოფილა, ის ჩემი ნაწილია. სადაც არ უნდა წავიდე, ეს გუნდი ყოველთვის ჩემს გულში დარჩება“, – განაცხადა გულიაშვილმა.
გიორგი გულიაშვილი „სარაევოში“ ქართული კლუბიდან – „იბერიიდან“ გადავიდა, ხოლო გარკვეული პერიოდი მოსტარის „ველეჟში“ იჯარითაც ითამაშა. ბოსნიურ კლუბში მან 70 მატჩი ჩაატარა, 23 გოლი გაიტანა და 15 საგოლე გადაცემა შეასრულა. „რასინგთან“ გაფორმებული კონტრაქტის მიხედვით, გულიაშვილი კლუბს 2029 წლის 30 ივნისამდე დაუკავშირდა.
გიორგი გულიაშვილმა საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებში (16-დან 21 წლამდე) ჯამში 61 მატჩი ჩაატარა, ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში კი 6 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.