ფეხბურთი | გიორგი გოჩოლეიშვილი მოედანს, შესაძლოა, „ვოლფსბურგთან“ შეხვედრაში დაუბრუნდეს #1TVSPORT
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და გერმანული „ჰამბურგის“ მცველი გიორგი გოჩოლეიშვილი მოედანს, შესაძლოა, „ვოლფსბურგთან“ ბუნდესლიგის მერვე ტურის შეხვედრაში დაუბრუნდეს.
სანაკრებო პაუზის შემდეგ კლუბში დაბრუნებული გოჩოლეიშვილი ვარჯიშზე დაშავდა. ის ძელს შეეჯახა, თავი დაიზიანა და ცხვირი გაიტეხა. ქართველმა მცველმა ბუნდესლიგის გასული ტურის მატჩი „ლაიფციგთან“ სწორედ აღნიშნული მიზეზის გამო გამოტოვა.
გერმანული გამოცემის, Mopo-ს ინფორმაციით, მიმდინარე კვირაში 24 წლის ფეხბურთელი სპეციალური დამცავი ნიღბით ივარჯიშებს და თუ თავს კარგად იგრძნობს, 25 ოქტომბერს „ვოლფსბურგთან“ ითამაშებს.
გიორგი გოჩოლეიშვილი „ჰამბურგის“ წევრი გასულ ზაფხულს გახდა, მან გერმანიის ბუნდესლიგაში ხუთი მატჩი ჩაატარა, ხოლო ერთი – გერმანიის თასზე.