ფეხბურთი | გიორგი ჩაკვეტაძემ წელი საგოლე გადაცემით დაიწყო #1TVSPORT
გიორგი ჩაკვეტაძემ ახალი წელი საგოლე გადაცემით დაიწყო „უოტფორდში“ – მისმა გუნდმა საკუთარ მოედანზე „ბირმინგემს“ უმასპინძლა და 3:0 დაამარცხა.
ინგლისის ჩემპიონშიპის 25-ე ტურის მატჩის მთავარი გმირი მასპინძელთა თავდამსხმელი ტომ ინსი იყო, რომელმაც ჰეთთრიქი შეასრულა (9, 38, 60) და „უოტფორდს“ მნიშვნელოვანი სამი ქულა მოუტანა.
გიორგი ჩაკვეტაძე „უოტფორდის“ ძირითად შემადგენლობაში იყო. ინსმა პირველი გოლი სწორედ ქართველი ნახევარმცველის შესანიშნავი გადაცემის შემდეგ გაიტანა. ათ წუთში ჩაკვეტაძემ ინსი კვლავ მეკარესთან პირისპირ დატოვა, თუმცა ამ ეპიზოდში თავდამსხმელმა შანსის გამოყენება ვერ შეძლო.
ჩემპიონშიპის 25 ტურის შემდეგ „უოტფორდმა“ 41 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზეა, პრემიერლიგის პლეიოფის ზონაში.